“თავისუფალი დემოკრატების” იდეოლოგია

ჩვენ ვართ თავისუფალი დემოკრატები. ჩვენ გვსურს თავისუფლება და ხალხის მმართველობა თავად ხალხისთვის. ჩვენ დემოკრატია გვჭირდება იმისთვის, რომ ყოველი მოქალაქის უფლებები თანაბრად და განუხრელად იქნეს დაცული, გვჭირდება იმისთვის, რომ თავისუფალმა ხალხმა დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ქვეყანა და დაუბრკოლებლად განავითაროს ეკონომიკა, უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა, იცხოვროს ძლიერ და სამართლიან სახელმწიფოში.

ჩვენი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აუცილებელია ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული, მკაფიოდ სტრუქტურირებული, რეგიონული განშტოებების მქონე პარტიის განვითარება, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს და ერთდროულად მრავალი ფუნქციის შესრულებას შეძლებს.

პარტიის შემდგომი განვითარება საშუალებას გვაძლევს, მოქალაქეებთან პირდაპირი დიალოგით გავიგოთ მათი სატკივარი და ნათლად ავუხსნათ, რა იდეოლოგიური ღირებულებების, პოლიტიკური მიზნების მატარებელნი ვართ და როგორ შევძლებთ მათი პრობლემების მოგვარებას. ზუსტად ამგვარ, მკაფიოდ გამოკვეთილ და არაორაზროვან პოზიციას, სხვებისგან გამორჩეულ პოლიტიკურ იერსახეს ითხოვს და ელის ჩვენგან როგორც ჩვენი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი, ასევე არანაკლებ მრავალრიცხოვანი პოტენციური მომხრე.

დემოკრატია ჩვენი მსოფლმხეველობის საფუძველში მხოლოდ იმიტომ კი არ დევს, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს, არამედ იგი არის თითოეული მოქალაქის და მთელი ხალხის ძირითადი პოლიტიკური უფლების გამოხატვისა და განხორციელების საუკეთესო ფორმა.

პარტიის პოლიტიკური მსოფლმხედველობა ეფუძნება ქალის და კაცის თანაბარ ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, პოლიტიკურ თუ პარტიულ პროცესებში.

არჩევანის თავისუფლება

ხალხი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს საკუთარი თავის გამგებელი, ანუ თავისუფალი - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როდესაც ის სამართლიანი, საყოველთაო არჩევნების გზით ქმნის, აყალიბებს და ცვლის საკუთარ ხელისუფლებას და განსაზღვრავს ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას.

არჩევნების სამართლიანობას აქვს ორი ასპექტი, ორი მხარე. ერთია არჩევნების შედეგად უმცირესობაში დარჩენილთა უფლებები, რომლებიც გარანტირებულად და ყოველმხრივ უნდა იქნას დაცული უმრავლესობის მიერ. დემოკრატია არის მთელი ხალხის მიერ სახელმწიფოს მართვა და არა არჩევნებში უმრავლესობით მოსული ერთი ნაწილის დიქტატი მეორეზე.

ამავე დროს, არჩევნების სამართლიანობა გულისხმობს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, რათა შედეგები ზუსტად ასახავდეს ამომრჩეველთა ნებასა და სურვილს.

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს უკლებლივ ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, სქესის, ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობისა. ამავე დროს, კანონის უზენაესობა ნიშნავს იმას, რომ კანონის წინაშე თანასწორი იქნება ცალკეული პიროვნება, საზოგადოება და სახელმწიფო და, რომ კანონის წინაშე არავის და არაფერს მიენიჭება უპირატესობა, არცერთ ადამიანს ან ინსტიტუტს მათი სტატუსის, ეკონომიკური მდგომარეობის, რეალური ძალაუფლებისა და გავლენის, ან საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მიუხედავად.

ამავე დროს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თავად კანონი იყოს სამართლიანი და დემოკრატიული და ეს ჩვენი, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.

თავისუფალი დემოკრატების მიზანია ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც თანამოქალაქისადმი, ოჯახისადმი, სახელმწიფოსადმი პასუხისმგებლობა თითოეულის მოქალაქეობრივი შეგნების საფუძველი იქნება. ამიტომ, მომავალი თაობების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღზრდის ხელშეწყობა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო უნდა ანიჭებდეს თავის მოქალაქეებს იმის სრულ გარანტიას, რომ მისი ღირსება და პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი იქნება სხვა ადამიანების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ხელი შეუწყოს მისი პიროვნების განვითარებას.

ეკონომიკა

საკუთრების უფლება უნდა იყოს ხელშეუხებელი და სახელმწიფოს მიერ დაცული.

თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის ფუნდამეტურ პრინციპებსა და ღირებულებებს, სადაც მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობა ეკომონიკური ზრდის პროცესში უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, უკიდურესი სიღარიბის დაძლევას და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის უზრუნვეყოფა; ლიბერალური საგადასახადო სისტემის სრულყოფა; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მისი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის განვითარება, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არეალის გაფართოება ევროკავშირთან ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის საწინდარია.

სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის პრიორირეტულ დარგებში.

საქართველოს რეგიონების განვითარება, თანმიმდევრული დეცენტრალიზაცია, მათი საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა ხელს შეუწყობს რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას.

სოფლის მეურნეობის განვითრება დაეფუძნება კონკურენტუნარიანი სასოფლო წარმოებისა და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებას. სასურსათო დამოუკიდებლობა მიიღწევა თანამედროვე სასოფლო კოოპერატივების შექმნითა და ტრადიციული ქართული სოფელის აღორძინების ჰარმონიული ბალანსით. განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სასურსათო უვნებლობის უზრუნველყოფას, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას.

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ჯანდაცვა და სოციალური სფერო

ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ჩვენი მთავარი ღირებულება. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე და უზრუნველყოფდეს მათთვის ხელმისაწვდომ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. თანამედროვე საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.

სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს ადამიანის უმთავრესი სოციალური რისკების - უმუშევრობის, ჯანმრთელობისა და მოხუცებულობით გამოწვეული სიძნელეების დაძლევასა და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას.

განათლება და მეცნიერება

სახელმწიფოს და მოქალაქის ურთიერთიერთობას მრავალი წახნაგი აქვს. ერთ–ერთი მთავარი მათ შორის უდავოდ არის განათლება. რაც უფრო მაღალია მოქალაქეების განათლების ხარისხი, მით უფრო უზრუნველყოფილია სახელმწიფოს განვითარებაც და საზოგადოების კეთილდღეობაც, გარანტირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობა და მოქალაქის თავისუფლება. ცივილიზებული სამყაროს ცხოვრებაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი განვითარება. მაგრამ შეუძლებელია იყო თანამედროვე ტექნოლოგიების მხოლოდ მომხმარებელი ისევე, როგორც შეუძლებელია იყო დემოკრატიის მხოლოდ მომხმარებელი. ის საზოგადოება, ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულ მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიისა და დემოკრატიის განვითარების გლობალურ პროცესში, აუცილებლად გახდება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტია განათლების ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა და მეცნიერების განვითარება.

მმართველობის ფორმა

თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანა ძლიერი და დამოუკიდებელი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ხელისუფლების ისეთი სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც გამორიცხავს გადაჭარბებული და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრას ხელისუფლების რომელიმე რგოლში ან რომელიმე თანამდებობის პირის ხელში. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, მმართველობის ფორმად მიგვაჩნია საპრეზიდენტო რესპუბლიკა ძლიერი პარლამენტითა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის მიხედვით ხელისუფლების დაბალანსებული გადანაწილება ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა.

ჩვენი მიზანია ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას. ეს ის ძირეული პრინციპებია, რომლებიც სეკულარულ სახელმწიფოში ყველა მოქალაქეს გაუჩენს და გაუმყარებს საკუთარი ქვეყნის, როგორც სამართლიანობის გარანტის მიმართ ნდობას და პატივისცემას და განაპირობებს მათ შეგნებულ მზაობას კანონმორჩილებისათვის.

ჩვენ ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება გვსურს საქართველოში, რომლის პირობებშიც პოლიტიკური ხელისუფლების ცვლა ქვეყნის სათავეში არ გამოიწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების რყევას და პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეთა დაყოფას პოლიტიკური ნიშნით.

ეროვნული იდენტობა

თავისუფალი დემოკრატების მსოფლმხედველობა ეფუძნება ჩვენს ტრადიციას. ტრადიცია კი, პირველ რიგში, ძველის შენახვა-შენარჩუნებას და პატივისცემას გულისხმობს. მაგრამ, ჩვენი ზოგადად აღებული ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია ახლის შეთვისებისა და შექმნის უნარი. ძველის შენარჩუნება და ახლის შეთვისება ის ორი ძირითადი პრინციპია, რომელთა ჰარმონიული თანაარსებობა ქართული კულტურის თვითმყოფადობისა და სიცოცხლისუნარიანობის საფუძველში დევს.

ამ ორი ტენდენციის ერთდროული და თანაც უაღრესად ნაყოფიერი მოქმედების საუკეთესო ნიმუშად ჩვენი მშობლიური ენა, ქართული ენა გვევლინება. ათასწლეულების მანძილზე ქართული ენა ვითარდებოდა საკუთარი კანონზომიერების მიხედვით და მდიდრდებოდა სხვადასხვა ენებიდან შემოსული სიტყვებით, რომლებიც ქართულად იწყებდნენ ჟღერას. ჩნდებოდა ახალი სიტყვებიც. საკუთარის, ძველის ერთგულებამ და ახლის შეთვისებამ განაპირობა ის, რომ დღემდე შემოვინახეთ ქართული ენა, რომელიც სიცოცხლესა და განვითარებას განაგრძობს.

არსებითად იგივე ითქმის ქართული ცნობიერებისა და კულტურის შესახებ, რომელთა მაცოცხლებელ ძალად ამ ორი პრინციპის მოქმედება გვევლინება. სწორედ ეს ორი ტენდენცია უნდა იქცეს თავისუფალ დემოკრატთა მსოფლმხედველობისა და საქმიანობის განმსაზღვრელ ძირითად პრინციპად. მხოლოდ ასე შევძლებთ, ჯერ ერთი საქართველოს უნიკალურობის შენარჩუნებას, მეორეც - იმგვარ კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ აღმასვლას, რაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგში ჩააყენებს ჩვენს ქვეყანას.

მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში, ქართულ კულტურასა და დღევანდელ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თავისუფალი დემოკრატების აზრით, ადამიანი რელიგიაში უნდა ხედავდეს თავისი არსებითი, სულიერი და ზნეობრივი მოთხოვნილებების რეალიზების საყრდენს. ქრისტიანული მსოფლმხედველობა გულისხმობს პიროვნების სულიერი სამყაროს გაღრმავებასა და მისი თავისუფლების მყარად დაფუძნებას. დაუშვებელია პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან ეკლესიის ცხოვრებაში ჩარევა, ან პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად ეკლესიის მოხმობა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შორის არსებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას.

ამასთანავე ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ლიბერალური დემოკრატია, ყველა სხვა პოლიტიკურ სისტემაზე უკეთ უზრუნველყოფს ყველა აღმსარებლობის მიმდევართა კანონის წინაშე თანასწორობას, მათ განვითარებასა და მშვიდობიან თანაარსებობას.

ერთიანი საქართველო

საქართველო ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ქვეყანა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მრავალეთნიკური საზოგადოების მთლიანობა და ჰარმონიული თანაცხოვრება. დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში თანაბრად იქნება დაცული ყველა მოქალაქის ეროვნული ღირსება, ენა, კულტურა და ტრადიციები. სამართლიანობა და კეთილდღეობა თანაბრად და უშუალოდ შეეხება ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

თავისუფალი დემოკრატებისთვის არსებითია, რომ საქართველოს დარღვეული ერთიანობის აღდგენა და საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნილი მოქალაქეების დაბრუნება ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დაკარგული ნდობის აღდგენითა და მშვიდობიანი პოლიტიკური შეთანხმებით მოხდეს.

ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და უზრუნველყოფისათვის პრიორიტეტად მიგვაჩნია ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რაც მხოლოდ შესაძლებელი იქნება ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობით. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს ქვეყანას როგორც რეგიონისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება.

საქართველოს წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე.

ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევაზე პასუხი საქართველოს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა ვიპოვოთ. ჩვენ არ ვეძებთ მტრებს პოლიტიკურ ოპონენტებში, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომლებთანაც გვაქვს მსოფლმხედველობრივი თანხვედრა.

ძალა ერთობაშია და ამავე დროს, ძალა თითოეულ ჩვენგანშია. ესაა თავისუფლების ძალა, სამართლიანობის ძალა, აღმშენებლობის ძალა, რომელიც ჩვენ უდავოდ შეგვწევს და სწორედ ამიტომ არის ძალა ჩვენს ერთობაში! ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი საქართველო.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები