საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური პლატფორმა

საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ არის მპგ „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო წარმომადგენელთა გაერთიანება. ფრაქციაში შეიძლება გაწევრიანდნენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები“ ესწრაფვის პოლიტიკური ძალების უმრავლესობის ურთიერთთანხმობით და ხალხის ნებით ქვეყნის სამომავლო განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და მის შემდგომ განუხრელ განხორციელებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება:

არჩევანის თავისუფლება

ხალხი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს საკუთარი თავის გამგებელი, ანუ თავისუფალი - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როდესაც ის სამართლიანი, საყოველთაო არჩევნების გზით ქმნის, აყალიბებს და ცვლის საკუთარ ხელისუფლებას და განსაზღვრავს ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას.

ერთია არჩევნების შედეგად უმცირესობაში დარჩენილთა უფლებები, რომლებიც გარანტირებულად და ყოველმხრივ უნდა იქნეს დაცული უმრავლესობის მიერ. დემოკრატია არის მთელი ხალხის მიერ სახელმწიფოს მართვა და არა - არჩევნებში უმრავლესობით მოსული ერთი ნაწილის დიქტატი მეორეზე.

ამავე დროს, არჩევნების სამართლიანობა გულისხმობს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, რათა შედეგები ზუსტად ასახავდეს ამომრჩეველთა ნებასა და სურვილს.

კანონის უზენაესობა

კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს უკლებლივ ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობისა. ამავე დროს, კანონის უზენაესონა ნიშნავს იმას, რომ კანონის წინაშე თანასწორი იქნება ცალკეული პიროვნება, საზოგადოება და სახელმწიფო და, რომ კანონის წინაშე არავის და არაფერს მიენიჭება უპირატესობა, არცერთ ადამიანს ან ინსტიტუტს მათი სტატუსის, ეკონომიკური მდგომარეობის, რეალური ძალაუფლებისა და გავლენის, ან საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მიუხედავად.

სტაბილური ეკონომიკური განვითარება

საკუთრების უფლება უნდა იყოს ხელშეუხებელი და სახელმწიფოს მიერ დაცული. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს რეალური საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ჯანსაღ კონკურენციას, ლებერალურ საგადასახადო სისტემასა და სახელმწიფო რეკეტისაგან თავისუფალ ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირებას, ინვესტიციების მოზიდვას,სასურსათო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ტრადიციული ქართული სოფლის აღორძინებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სახელმწიფოში უნდა შეიქმნას სოციალური დაცვის ძლიერი და მოქნილი სისტემა, რომლის შედეგად მიიღწევა პენსიების საარსებო მინიმუმთან გათანაბრება და შემდგომი ზრდა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.

მდგრადი პოლიტიკური სისტემა

თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანა ძლიერი და დამოუკიდებელი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ხელისუფლების ისეთი სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც გამორიცხავს გადაჭარბებული და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრას ხელისუფლების რომელიმე რგოლში ან რომელიმე თანამდებობის პირის ხელში. ჩვენ, მმართველობის ფორმად ვირჩევთ საპრეზიდენტო რესპუბლიკას ძლიერი პარლამენტითა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფელებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით. შეკავებისა და გაწონასწორების პინციპის მიხედვით ხელისუფლების დაბალანსებული გადანაწილება ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა.

ჩვენი მიზანია ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას. ეს ის ძირეული პრინციპებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს გაუჩენს და გაუმყარებს საკუთარი სახელმწიფოს, როგორც სამართლიანობის გარანტის მიმართ ნდობას და პატივისცემას და განაპირობებს მათ შეგნებულ მზაობას კანონმორჩილებისათვის.

ჩვენ ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება გვსურს საქართველოში, რომლის პირობებშიც პოლიტიკური ხელისუფლების ცვლა ქვეყნის სათავეში არ გამოიწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების რყევას და პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეთა დაყოფას პოლიტიკური ნიშნით.

ეროვნული იდენტობა

ჩვენი მსოფლმხედველობა ეფუძნება ჩვენს ტრადიციას. ტრადიცია კი, პირველ რიგში, ძველის შენახვა - შენარჩუნებას და პატივისცემას გულისხმობს. მაგრამ, ჩვენი ზოგადად არებული ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია ახლის შეთავსებისა და შექმნის უნარი. ძველის შენარჩუნება და ახლის შეთავსება ის ორი ძირითადი პრინციპია, რომელთა ჰარმონიული თანაარსებობა ქართული კულტურის თვითმყოფადობისა და სიცოცხლისუნარიანობის საფუძველში დევს.

ამ ორი ტენდენციის ერთდროული და თანაც უაღრესად ნაყოფიერი მოქმედების საუკეთესო ნიმუშად ჩვენი მშობლიური ენა, ქართული ენა გვევლინება. საკუთარის, ძველის ერთგულებამ და ახლის შეთვისებამ განაპირობა ის, რომ დღემდე შემოვინახეთ ქართული ენა, რომელიც სიცოცხლესა და განვითარებას განაგრძობს.

არსებითად იგივე ითქმის ქართული ცნობიერებისა და კულტურის შესახებ, რომელთა მაცოცხლებელ ძალად ამ ორი პრინციპის მოქმედება გვევლინება. სწორედ ეს ორი ტენდენცია უნდა იქცეს ჩვენი მსოფლმხედველობისა და საქმიანობის განმსაზღვრელ ძირითად პრინციპად. მხოლოდ ასე შევძლებთ, ჯერ ერთი საქართველოს უნიკალურობის შენარჩუნებას, მეორეც - იმგვარ კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ აღმასვლას, რაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგში ჩააყენებს ჩვენს ქვეყანას.

მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში, ქართულ კულტურასა და დღევანდელ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ადამიანი რელიგიაში უნდა ხედავდეს თავისი არსებითი, სულიერი და ზნეობრივი მოთხოვნილებების რეალიზების საყრდენს. ქრისტიანული მსოფლმხედველობა გულისხმობს პიროვნების სულიერი სამყაროს გაღრმავებასა და მისი თავისუფლების მყარად დაფუძნებას. დაუშვებელია პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან ეკლესიის ცხოვრებაში ჩარევა, ან პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად ეკლესიის მოხმობა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შორის არსებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას.

ამასთანავე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლიბერალური დემოკრატია, ყველა სხვა პოლიტიკურ სისტემაზე უკეთ უზრუნველყოფს ყველა აღმსარებლობის მიმდევართა კანონის წინაშე თანასწორობას, მათ განვითარებასა და მშვიდობიან თანაარსებობას.

ერთიანი საქართველო

საქართველო ისტორიაულად ჩამოყალიბდა როგორც მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ქვეყანა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მრავალეთნიკური საზოგადოების მთლიანობა და ჰარმონიული თანაცხოვრება. დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში თანაბრად იქნება დაცული ყველა მოქალაქის ეროვნული ღირსება, ენა, კულტურა და ტრადიციები. სამართლიანობა და კეთილდღეობა თანაბრად და უშუალოდ შეეხება ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

არსებითია, რომ საქართველოს დარღვეული ერთიანობის აღდგენა საკუთარი მიწა - წყლიდან გადევნილი მოქალაქეების დაბრუნება ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დაკარგული ნდობის აღდგენითა და მშვიდობიანი პოლიტიკური შეთანხმებით მოხდეს.

ეროვნული უსაფრთხოება

საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და უზრუნველყოფისათვის პრიორიტეტად მიგვაჩნია ქვეყნის სრულფასოვნი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რაც მხოლოდ შესაძლებელი იქნება ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობით. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს ქვეყანას როგორც რეგიონისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება.

საქართველოს წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე.

ქვეყანაში შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამოსავალი საქართველოს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა ვიპოვოთ, ჩვენ არ ვეძებთ მტრებს პოლიტიკურ ოპონენტებში, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომლებთანაც გვაქვს მსოფლმხედველობრივი თანხვედრა.

ირაკლი ჩიქოვანი
ფრაქციის თავმჯდომარე

ნინო გოგუაძე
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები