საპარლამენტო ფრაქცია “ თავისუფალი დემოკრატების" წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ (შემდგომში ,,ფრაქცია") არის საქართველოს პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

1.2. ფრაქცია იქმნება და საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და ამ წესდების შესაბამისად.

მუხლი 2. ფრაქციის მიზანი და ამოცანები

2.1. ფრაქციის მიზანია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თავისი პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისი კურსის გატარება.

2.2. ფრაქციის ამოცანებია:

ა) პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა;

ბ) ფრაქციის წევრების აქტიურობის გაზრდისა და შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენისადმი ხელშეწყობა;

გ) პარლამენტის კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი საქმიანობის განხორციელებისას ფრაქციის შეჯერებული აზრის გამოხატვა.

მუხლი 3. ფრაქციის წევრი და მისი უფლება-მოვალეობანი

3.1. ამ წესდებაზე ხელმომწერი პარლამენტის წევრები არიან ფრაქციის დამფუძნებელი წევრები.

3.2. ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს პარლამენტის ნებისმიერი წევრი, რომელიც იზიარებს ფრაქციის წესდებასა და მის პოლიტიკურ პლატფორმას.

3.3. ფრაქციაში გაწევრიანებისათვის პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელსაც აღნიშნული საკითხი შეაქვს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

3.4. ახალი წევრის მიღების შესახებ საკითხის განსახილველად ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის სხდომას იწვევს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს სამი კვირისა.

3.5. ფრაქცია ახალი წევრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3.6. ფრაქციის წევრს უფლება აქვს:

ა) ფრაქციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიოს ფრაქციის სხვა წევრი ან თავად იქნეს არჩეული;

ბ) მიმართოს ფრაქციას წინადადებით ან ინიციატივით საკითხზე, რომელიც შეეხება პარლამენტის კანონშემოქმედებით და მაკონტროლებელ საქმიანობას და მოითხოვოს ფრაქციის მხარდაჭერა;

გ) დაუბრკოლებლად მიიღოს და გაეცნოს ფრაქციის აპარატში დაცულ ინფორმაციას;

დ) ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებით გამოვიდეს ფრაქციის სახელით;

ე) პოლიტიკურ საქმიანობაში ისარგებლოს ფრაქციის მხარდაჭერით;

ვ) რეგლამენტით დადგენილი წესით გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან.

3.7. ფრაქციის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას ფრაქციის წესდება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის საქმიანობაში;

გ) საქმიანობას ეწეოდეს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისად. არ დაუშვას ამ პლატფორმის საწინააღმდეგო ქმედება, ფრაქციის დისკრედიტაცია;

დ) შეასრულოს ფრაქციის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

3.8. ფრაქციას უფლება აქვს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება თავისი შემადგენლობიდან ფრაქციის წევრის გარიცხვის შესახებ თუ:

ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის ამოცანებსა და პოლიტიკურ პლატფორმას;

ბ) განზრახ და/ან არასაპატიო მიზეზით სისტემატიურად არღვევს ფრაქციის წესდებას.

3.8. ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ საკითხის დაყენების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ დაყენებული საკითხი წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული.

მუხლი 4. ფრაქციის უფლებამოსილებანი

4.1.ფრაქცია უფლებამოსილია:

ა) პარლამენტს მიმართოს საკანონმდებლო ინიციატივით;

ბ) შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს და მიიღოს მათგან პასუხი;

გ) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის პლენარული სხდომების, პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, ინტერფრაქციული ჯგუფის, საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში რეგლამენტით გათვალისწინებული წესით;

დ) გადაწყვიტოს საპარლამენტო სტრუქტურებში ფრაქციის წარმომადგენლობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი საკითხები;

ე) რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის სხდომებზე განსახილველ საკითხებზე მონაწილეობა მიიღოს კამათში, გამოთქვას მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევ, დასანიშნ ან დასამტკიცებელ კანდიდატურებზე, ან იმ კანდიდატურებზე, რომელთა დანიშვნაზე თანხმობას აძლევს პარლამენტი, ასევე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხებზე;

ვ) ფრაქციის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული, აგრეთვე, დანიშვნაზე თანხმობამიცემული თანამდებობის პირი, მოისმინოს მათი გაწეული საქმიანობის ანგარიში, მიმართოს მათ შეკითხვებით და მიიღოს სათანადო პასუხები;

ზ) მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა;

თ) გამოაქვეყნოს და გაავრცელოს თავისი თვალსაზრისი ,,პარლამენტის უწყებანში", თავის საინფორმაციო ბიულეტენში, პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით;

ი) პარლამენტის აპარატის მეშვეობით ფრაქციის ოფიციალური მიმართვა გაავრცელოს პარლამენტის წევრებს შორის;

კ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 5. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანო და თანამდებობის პირები

5.1. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

5.2. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.

მუხლი 6. ფრაქციის სხდომა

6.1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

6.2. ფრაქციის სხდომა ღიაა. ფრაქციის სხდომა დახურულია, თუ ამას მოითხოვს ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი და სხდომის დახურვას მხარს დაუჭერს ფრაქციის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

6.3. ფრაქციის მორიგი სხდომა, როგორც წესი, საპარლამენტო სესიების პერიოდში იმართება 2 კვირაში ერთხელ მაინც. ფრაქციის რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან ფრაქციის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

6.4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა უმრავლესობა.

6.5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) საპარლამენტო უმრავლესობაში ან უმცირესობაში ფრაქციის გაერთიანების შესახებ;

ბ) ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანაზე;

გ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის საკითხზე;

დ) ფრაქციის თანამდებობის პირების არჩევის შესახებ;

ე) ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების თაობაზე;

ვ) პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე, რეგლამენტით დადგენილი წესით, კანდიდატების წარდგენაზე;

ზ) ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გამოყენების წესის შესახებ;

თ) ფრაქციის ბიუჯეტის ხარჯვის წესის შესახებ;

ი) ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან ფრაქციიდან წევრის გარიცხვის თაობაზე;

კ) პარლამენტის რეგლამენტით, კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხებზე.

6.6. ფრაქციის სხდომის დღის წესრიგს ადგენს და ფრაქციის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციის თავმჯდომარე. დღის წესრიგში ცვლილებების (საკითხების ამოღება ან დამატება) შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს. დღის წესრიგი მტკიცდება სხდომაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.

6.7. ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

6.8. ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხს ამზადებს ფრაქციის ის წევრი, რომელიც არის ამავე საკითხზე წამყვანი კომიტეტის წევრი.

6.9. თუ საკითხი არ განეკუთვნება ფრაქციის არც ერთი წევრის უფლებამოსილებას, საკითხს, ფრაქციის სხდომის გადაწყეტილებით ან ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით, ამზადებს ფრაქციის ერთ-ერთი წევრი.

6.10. ფრაქციის წევრი განსახილველი საკითხის შესახებ მოსაზრებებს წერილობით, ან ზეპირად წარუდგენს ფრაქციის სხდომას. ალტერნატიული წინადადების და ახალი ინიციატივის წარდგენა ხდება, აგრეთვე, წერილობით.

6.11. ფრაქციის სხდომა საჯაროდ გამოსატანი საკითხების განხილვის შემდეგ, ფრაქციის პოზიციის გამოსახატავად ნიშნავს გამომსვლელს.

6.12. ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებები ფორმდება ფრაქციის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომრე.

მუხლი 7. ფრაქციის თავმჯდომარე

7.1. ფრაქციის თავმჯდომარე არის ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.

7.2. ფრაქციის თავმჯდომარე აირჩევა ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრთაგან, შემადგენლობის უმრავლესობით.

7.3. ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს.

7.4. ფრაქციის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ;

გ) იწვევს და წარმართავს ფრაქციის სხდომებს;

დ) ფრაქციის აპარატის თანამშრომლის კანდიდატურას მისი დანიშვნის ან განთავისუფლების მიზნით წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსს.

7.5. ფრაქცია უფლებამოსილია გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან, თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა უმრავლესობა.

მუხლი 8. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

8.1. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს.

8.2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრთაგან, შემადგენლობის უმრავლესობით.

8.3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის შემადგენლობის ერთ მესამედს.

8.3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;

ბ) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან/და მისი უშუალო დავალებით.

8.4. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გადარჩეულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა უმრავლესობა.

მუხლი 9. ფრაქციის მდივანი

9.1. ფრაქცია თავის შემადგელობიდან, ფრაქციის სხდომაზე ფრაქციის წევრთა უმრავლესობით ირჩევს ფრაქციის მდივანს. ფრაქციის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის შემადგენლობის ერთ მესამედს.

9.2. ფრაქციის მდივანი:

ა) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს;

ბ) წარმართავს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას.

9.3. ფრაქციის მდივნის გადარჩევა შესაძლებელია ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის შემადგენლობის ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის მდივანი გადარჩეულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის შემადგენლობის უმრავლესობა.

მუხლი 10. ფრაქციის აპარატი, აპარატის უფროსი

10.1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ფრაქციის აპარატი.

10.2. ფრაქციის აპარატი:

ა) ხელს უწყობს ფრაქციის წევრს მისი საქმიანობის განხორციელებაში;

ბ) ამზადებს ფრაქციის სხდომებს და უზრუნველყოფს მას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

გ) აღრიცხავს ფრაქციის სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმულ წინადადებებსა და შენიშვნებს;

დ) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის დავალებებს;

ე) ადგენს ფრაქციის სხდომის ოქმს.

10.3. ფრაქციის აპარატს ხელმძღვანელობს ფრაქციის აპარატის უფროსი.

10.4. ფრაქციის აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის გამართულ საქმიანობაზე, თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობის სრულყოფილად შესრულებაზე.

მუხლი 11. ფრაქციის წესდების გადასინჯვა

11.1. ფრაქციის წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის შემადგენლობის ერთ მესამედს.

11.2. წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი გაეცნობა ფრაქციის წევრებს და საკითხის ინიცირებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა განსახილველად შეიტანება ფრაქციის სხდომის დღის წესრიგში.

11.3. ფრაქციის სხდომაზე ფრაქციის წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფრაქციის წევრთა არანაკლებ ორი მესამედის თანხმობით.

მუხლი 12. ფრაქციის გაუქმება

12.1. ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემდეგ მასში დარჩება პარლამენტის ექვს წევრზე ნაკლები.

მუხლი 13. ფრაქციის დამფუძნებლები არიან პარლამენტის შემდეგი წევრები:

აბაშიძე ზურაბ

________________________

ალასანია ირაკლი

________________________

გოგუაძე ნინო

________________________

დოლიძე ვიქტორ

________________________

ონოფრიშვილი დავით

________________________

პეტრიაშვილი ალექსი

________________________

სამხარაული გელა

________________________

ფოფხაძე გედევან

________________________

ჩიქოვანი ირაკლი

________________________

ჯაფარიძე თამაზ

________________________