ნინო გოგუაძე - კიდევ უფრო გვიმტკიცდება აზრი, რომ მუხთარლის გატაცებაში ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურები მონაწილეობდნენ

გადაცემა P.S. გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით, "თავისუფალ დემოკრატებში" აცხადებენ, რომ კიდევ უფრო მყარდება აზრი, აფგან მუხთარილის გაუჩინარების საქმეში, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ:
"იმ ადამიანებს ვისაც მიგვაჩნია, რომ ამ გატაცებაში სამწუხაროდ ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურები შეიძლება მონაწილეობდნენ, კიდევ უფრო გვიმტკიცებს ამ აზრს და ნდობას გამოძიების მიმართ არ აღძრავს" აცხადებს პარტიის ლიდერი ნინო გოგუაძე "პირველ რადიოსთან" საუბარში.
P.S. - მა გუშინ იმ მარშრუტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა, რომლითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მისი გაუჩინარების დღეს გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი დაწესებულების ჩანაწერებში, რომლებზეც, აფგან მუხთარლის მიერ აღწერილი ფაქტები უნდა ყოფილიყო ასახული, ჩანს, რომ 19:09 საათიდან დრო 19:05-ზე გადადის და სრულიად განსხვავებული კადრით იცვლება. კონფიდენციალური ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა. კონფიდენციალური წყარო ერთ-ერთი დაწესებულების ვიდეოდან მთელი კვირის მასალის გაქრობაზეც საუბრობს.