თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელების განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება, დახუროს სწორედ ის გადაცემები, რომელთა შენარჩუნება პრინციპულად აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულების შესრულებისთვის. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით იხურება აშშ-ს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი რადიო თავისუფლების პროექტები - სალომე ასათიანის „ინტერვიუ“, გოგი გვახარიას „წითელი ზონა“ და ამერიკის ხმის გადაცემა „ვაშინგტონი დღეს“. ასევე იხურება ირაკლი ტაბლიაშვილის „ვექტორი“, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის განხილვასა და განმარტებას თანამედროვე პოლიტიკური პროცესების კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ იხურება კახა თოლორდავას გადაცემა „უცნობი მუსიკა“.

როგორც ვხედავთ, ახლანდელი მენეჯმენტი რეორგანიზაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შეუფერებელი, უაღრესად სადავო რეიტინგულობის მიღწევის საბაბით გამიზნულად აფერხებს არხის კულტურულ განვითარებას და მაქსიმალურად ზღუდავს სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, შეგნებულად წყვეტს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ღირებულებით და ანალიტიკურ მხარდაჭერას.

ამ გადაწყვეტილებებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ემსახურება ხელისუფლებას, რომლის მიზანია მედია სივრცის მონოპოლიზაცია, კრიტიკული აზრისა და თავისუფალი სიტყვის შევიწროება. რამდენიმე მსხვილი კერძო ტელევიზიის სრული დაქვემდებარების შემდეგ ხელისუფლება ცდილობს, ახლა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დათმოს დამოუკიდებლობა და უღალატოს კანონით დადგენილ თავის მთავარ დანიშნულებას, შეწყვიტოს საზოგადოების სამსახური.

ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენარჩუნებისთვის მის თანამშრომლებთან ერთად სწორედ ახლა უნდა იბრძოლოს მთელი საქართველოს საზოგადოებამ. თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია თავიდანვე ვუერთდებით ამ ბრძოლას და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, საკუთარი ღირსების ფასად ნუ ჩადგებიან არაფორმალური და ფორმალური ხელისუფლების სამსახურში, არ უღალატონ საქართველოს საზოგადოებას.