შალვა შავგულიძე - კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიას დავტოვებთ

კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ და საკონსტიტუციო კომისიას დავტოვებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ განუცხადა.
შავგულიძის შეფასებით, პროცესები იმ შედეგამდე მიდის, რომ ”ქართული ოცნება” კონსტიტუციაში იმ ცვლილებებს იღებს, რომელიც მას თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი, პოლიტიკური ჯგუფების შეთავაზებების გათვალისწინება კი არ ხდება.
”კონსულტაცია გვაქვს ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც კომისიაში არის წარმოდგენილი. ჩვენი პოზიციები ფაქტობრივად თანხვედრაშია. არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, ეს ეხება საარჩევნო სისტემის საკითხს, პრეზიდენტის არჩევის წესს და მის უფლებამოსილებებს, ასევე არის სხვა საკითხები. დაველოდებით პროექტის საბოლოო ვარიანტს. თუკი ხელისუფლება საკუთარ პოზიციას ჯიუტად შეინარჩუნებს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ კომისია”, - აცხადებს შალვა შავგულიძე.