საყდრისი

საყდრისის ოქროს მაღაროს ქართველი და გერმანელი არქეოლოგების ერთობლივმა ექსპედიციამ მიაკვლია. შესწავლი შედეგად დადგინდა, რომ 50 მეტრის სიღრმის მაღარო თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულით. ეს კი ნიშნავდა, რომ საყდრისი–ყაჩაღიანის გორის წიაღში ათასწლეულების მანძილზე ინახებოდა მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო. 2006 წელს საყდრისი–ყაჩაღიანის გორას ჯერ არქეოლოგიური ობიექტის, 2006 წელს კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.მაგრამ 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ამის შემდეგ ოქროს მომპოვებელ კომპანია ,,არ ემ ჯი გოლდს“ უფლება მიეცა, არქეოლოგიური ძეგლის სიახლოვესაც მოეპოვებინა მადანი. არქეოლოგიურ ძეგლს დაზიანების საფრთხე დაემუქრა, რამაც დაუყოვნებლად აღაშფოთა არაერთი მეცნიერი თუ არასპეციალისტი; საყდრისის გადარჩენას შეეცადნენ სტუნდენტებიც და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილეც. ისინი მთავრობისგან მოითხოვდნენ არქეოლოგიური ძეგლისთვის კულტურის ძეგლის სტატუსის აღდგენას და კომპანიისთვის ძეგლის სიახლოვეს მუშაობის აკრძალვას. მთავრობამ ეს მოთხოვნები სრულებით უგულებელჰყო და თვითონაც მოიშველია რამდენიმე მეცნიერის დასკვნა, რომლის თანახმად საყდრისი–ყაჩაღიანის გორა არა უნიკალურ, უძველეს მაღაროს, არამედ რიგით, უმნიშვნელო არქეოლოგიურ ძეგლს შეიცავდა. გასული წლის 12 დეკემბერს კომპანიამ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მიიღო ყველა საჭირო ოფიციალური საბუთი, რომელიც მას უშუალოდ საყდრისი–ყაჩაღიანის გორის აფეთქების და მადნად გამოყენების უფლებას აძლევდა. 13 დეკემბერს საყდრისზე აფეთქებები დაიწყო. საყდრისი–ყაჩაღიანის გორა ხელისუფლების მიერ საზოგადოების დამარცხების და დამცირების სიმბოლოდ იქცა. რადგან ორივე მხარე, მთავრობაც და საყდრისის დამცველებიც, მეცნიერთა ურთიერთსაპირისპირო დასკვნებს იშველიებს, ხელისუფლებამ კი მთავარ არგუმენტად ყოველგვარი მეცნიერული დისკუსიის გარეშე, ძალით გიატანა თავისი და კომპანიის სასარგებლოდ საზოგადოებას დაუპირისპირდა, ამიტომ შექმნილ დრამატულ ვითარებაში სიცხადის შეტანის მიზნით ნინო გოგუაძემ, თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს. მისი ინიციატივა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მიზანშეწონილად ცნო და საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილებაც მიიღო. მაგრამ ერთ–ერთ მომდევნო სხდომაზე კომისიის შემადგენლობის დამკიცება ჩავარდა, რადგან საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა. კომისიის შემადგენლობას მხარი „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებმაც კი არ დაუჭირეს, რომლებიც მანამდე კომისიის შექმნას მისცეს ხმა. ამ ხერხით საკანონმდებლო უმრავლესობამ თავისი „შეცდომა“ გამოასწორა და მთავრობის ინტერესები დაიცვა, მაგრამ არა ამომრჩევლების.
,,თავისუფალი დემოკრატების“ ისევ აპირებენ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელმეორედ მოითხოვონ.
– ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, – აცხადებს ნინო გოგუაძე, – დეპუტატებს მივმართავთ და მოვუწოდებთ პარლამენტს, თავისუფლად გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლება, რათა მოიხადოს თავისი უპირველესი დემოკრატიული მოვალეობა, მოვალეობა მოქალაქეებისა და საზოგადოების წინაშე. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას, რათა დასაბუთებული პასუხი გაეცეს საზოგადოების წევრებს, რომლებიც საყდრისის გადარჩენას დღემდე გულშემატკივრობენ, რადგან იქ მათი აზრით მეცნიერულად დადასტურებული უნიკალური კულტურული და არქეოლოგირი ძეგლი ეგულებათ. მაგრამ თუ სპეციალური საპარლამენტო კომისია დაადგენს, რომ თანამედროვე მრეწავების ნამოქმედარმა თუნდაც სავარაუდოდ ანუ ბოლომდე შეუსწავლელი უნიკალური ძეგლი გაიმეტა გასანადგურებლად, ამის შესახებ მთელ ჩვენს საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან ეს იქნებოდა სწორედ მთელი საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომლის შესახებ სიმართლის ცოდნა საზოგადოების უფლებაა. ხოლო პარლამენტის მოვალეობა არის ამ უფლების დაცვა და მოქალაქეებისთვის სიმართლის შეტყობინება.