პარტიის ისტორია:

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ისტორია 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების პროტესტის ნიშნად ცნობილი ქართველი დიპლომატი ლევან მიქელაძე გადადგა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან. მისივე რჩევითა და დაჟინებული მოთხოვნით, მისი თანამოაზრეები და თანამებრძოლები, რომელთაც მაღალი დიპლომატიური თანამდებობები ეკავათ, დარჩნენ თავიანთ პოსტებზე მნიშვნელოვანი წამოწყებების დასასრულებლად. შემდგომში, სწორედ ამ პირთა და მათთან ერთად ყველასთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანების, წარმატებული იურისტების, ბიზნესმენების და ეკონომისტების ერთობა დაედო საფუძვლად ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას.
პოლიტიკური გუნდი დაფუძნდა 2009 წლის 16 თებერვალს. ირაკლი ალასანიასა და ლევან მიქელაძესთან ერთად მის შემადგენლობაში შევიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მოკლე პერიოდში თანამდებობიდან წასული ელჩები - ვიქტორ დოლიძე და ალექსი პეტრიაშვილი, განათლების სფეროში ყველასთვის კარგად ცნობილი ნინო გოგუაძე, სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის დიდი გამოცდილების მქონე იურისტი ზურაბ აბაშიძე, ცნობილი იურისტი და უფლებადამცველი შალვა შავგულიძე, წარმატებული ექიმი და ბიზნესმენი დიმიტრი ტვილდიანი და აფხაზეთიდან დევნილი, ჩვენს საზოგადოებაში ღირსებით და წესიერებით გამორჩეული გია ჩიქოვანი. ოდნავ მოგვიანებით, 2009 წლის 25 თებერვალს ირაკლი ალასანიას გუნდმა პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ და რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება ”ალიანსი საქართველოსთვის”. 2009 წლის 16 ივლისს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა გუნდმა დააარსა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“.
2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ირაკლი ალასანია პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ მიერ დასახელდა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ იქნა ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოსა და მანკიერი საარჩევნო კანონმდებლობის გამოყენებით მმართველმა პარტიამ შეინარჩუნა თბილისის მერის პოსტი. ირაკლი ალასანიამ მოიპოვა თბილისის ამომრჩეველთა 20%-ის მხარდაჭერა და საქართველოს მასშტაბით პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ადგილობრივ თვითმმართველობებში გაიყვანეს 9 წარმომადგენელი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2010 წლის ივნისში, „ალიანსი საქართველოსთვის“ დაიშალა და პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განაგრძეს დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობა.
2011 წლის ოქტომბრიდან პარტია „თავისუფალი დემოკრატებმა“ თანამშრომლობა დაიწყეს ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც განაცხადა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ და მოგვიანებით, მომდევნო წლის აპრილში შექმნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 თებერვალს ექვსი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნება“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან, რესპუბლიკელებთან, ეროვნულ ფორუმთან, კონსერვატორებთან და მრეწველებთან ერთად ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა მოსახლეობის ერთსულოვანი ძალისხმევის შედეგად, როგორც ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე წარმოებულ ბრძოლაში. თავისუფალმა დემოკრატებმა მთავრობაში დაიკავეს მინისტრის 4 თანამდებობა და ჩაიბარეს თავდაცვის, დიასპორის, იუსტიციის სამინისტროები და ევროპულ და ევფროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ოფისი. 2012 წლის 9 დეკემბერს პარტიამ ჩაატარა რიგგარეშე ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ აირჩა ირაკლი ქადაგიშვილი. პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება–თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც კოალიციის სხვა ფრაქციებთან ერთად შეადგენდა საპარლამენტო უმრავლესობას 2014 წლის 6 ნოემბრამდე.
2014 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის სამინისტროსა და გენშტაბის მაღალჩინოსნების დაკავება და შეიარაღებული ძალების ექიმების წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები აშკარა პოლიტიკური სარჩულის მატარებელია და წარმოადგენს შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამავე დღეს ირაკლი ალასანია პრემიერ–მინისტრის ბრძანებით გათავსუფლდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, რის შემდეგაც მთავრობაში საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს თანამდებობები ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ კი გამოვიდა კოალიციური უმრავლესობიდან.
2014 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა პარტიის გეგმიური ყრილობა, სადაც თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარედ მეორედ იქნა არჩეული ირაკლი ალასანია. პარტია აგრძელებს თავის დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას როგორც ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე უცხოეთში; საქართველოს პარლამენტში მას თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციური ფრაქცია წარმოადგენს. თავისუფალი დემოკრატების პარტია აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში რეალური დემოკრატიისა და თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად და დასაცავად. თავისუფალი დემოკრატები თანამშრომლობენ ყველა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ყველა პიროვნებასთან, რომელიც გულწრფელად იზიარებს თავისუფალი დემოკრატების ღირებულებებს, პოლიტიკურ მიზნებს და მათი განხორციელების თუ მიღწევის მეთოდებს, რომელთა მთავარი განმსაზღვრელიც და კრიტერიუმიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება, ღირსება და თანასწორობა.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები